მსოფლიო დღეს

ევროპარლამენტმა ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტის მოცულობა 1,074 ტრილიონ ევროს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა ბრიუსელში გამართულ სხდომაზე ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, ნათქვამია EU budget-ის ტვიტერზე.

​ევროკავშირის საბჭოსთან 10 ნოემბერს შეთანხმებული 2021–2027 წლების ბიუჯეტის პროექტი 548 ხმით დამტკიცდა. 81-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 66-მა თავი შეიკავა.

ბიუჯეტის მოცულობა 1,074 ტრილიონი ევროა.  

ევროპარლამენტმა მოლაპარაკებებით მიაღწია დამატებით 15 მლრდ ევროს გამოყოფას 10 საკვანძო პროგრამისთვის. მათ შორისაა სამეცნიერო კვლევები, ჯანდაცვა, „მწვანე ეკონომიკა“ და გაციფრულება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი 500 მლნ ევროს გამოყოფს ღარიბი ქვეყნებისთვის კოვიდ–ვაქცინების შეძენა–მიწოდებაზე, რასაც „იუნისეფი“ და ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაცია განახორციელებენ COVAX-ის სახელით.