თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტის პატრონებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

კლინიკაში დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, ხოლო შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. დამნაშავე დაკავებულია.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. იუწყება „პირველი არხი“.

კლინიკის დირექტორის სულხან აბესაძის განცხადებით, დაშავებულს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, დაპირისპირება პაციენტის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის წევრის მითითებას მოჰყვა.

„სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც ჩვენი დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენი დაცვის თანამშრომელი მაშინვე ავიყვანეთ საოპერაციოში და ახლაც მიმდინარეობს ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება, როგორც მძიმე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დამნაშავეები დაკავებული არიან“, – განაცხადა სულხან აბესაძემ.

წინადაცვეთა ბოტოქსის ნაცვლად: ექიმებს პაციენტების ჩანაწერები აერიათ

სულხან აბესაძე აღნიშნავს, რომ დაშავებულს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.