„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს

ოპოზიციურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.15% მოიპოვა, რითიც მათ პარლამენტში 4 მანდატი მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა ოფიციალურად თქვეს უარი სადეპუტატო მანდატებზე.

მათ უკვე დაწერეს განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახელზე.

„ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.15% მოიპოვა, რამაც პარტიას პარლამენტში 4 მანდატი მოუპოვა. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კენჭს იყრიდა ისნის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც, ყველა ოლქის მსგავსად, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ 36-ვე დეპუტატი უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატზე

დღეს ოპოზიციიდან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებით საკანონმდებლო ორგანოს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც მიმართეს.

უახლოეს დღეებში ანალოგიური განცხადებით პარლამენტს მიმართავენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები – მათ მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი მანდატი აქვთ.

ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები პირველ სხდომაზე ცარიელი იყო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ყველაზე მეტი – 36 მანდატი ერგო საარჩევნო ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.

სამშაბათს ცესკომ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პროპორციული სიები გააუქმა, მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.