სომხეთში ოპოზიცია ფაშინიანის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით გამოდის

ოპოზიცია, რომელიც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, საყოველთაო გაფიცვისა და მთავრობის შენობასთან მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებს
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის ოპოზიციამ, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის წინააღმდეგ გამოდის, მოქალაქეებს 22 დეკემბერს საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ იუწყება Sputnik-სომხეთი.

ამ განცხადებით ოპოზიციური „სამშობლოს დაცვის მოძრაობის“ მორიგი „ღირსების მსვლელობის“ დროს ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტუნის“ უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელი იშჰან საღათელიანი გამოვიდა.

ფაშინიანმა ოპოზიცია უხელისუფლებობის შექმნის სურვილში დაადანაშაულა

„22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ვაცხადებთ გაფიცვას საწარმოებში, დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ყველანი ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. მთელი მოედანი უნდა იყოს პარალიზებული. მომავალი სამშაბათი ჩვენი ბრძოლის გადამწყვეტი დღე იქნება“, - განაცხადა საღათელიანმა.

ოპოზიციონერის თქმით, ხუთშაბათს გაიმართება მსვლელობა, შაბათს კი დაგეგმილია მიტინგი და სამგლოვიარო მსვლელობა.

ოპოზიცია სომხეთში 10 ნოემბრიდან აპროტესტებს მთიან ყარაბაღში ზავის დადებას, რომელსაც ფაშინიანმა მოაწერა ხელი. მომიტინგეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დერატიფიკაციის პროცესის დაწყების მოწოდებით გამოდიან.

ერევანში პროტესტი ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამდგომლობით შეთანხმდნენ 2020 წლის 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. შეთანხმების პირობების თანახმად, სომხეთის მხარემ დათმო ტერიტორიების ნაწილი, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი განთავსდებიან მხარეთა გამყოფ ზოლისა და დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.