ქეთი მელუა თაყვანისმცემლებისთვის ონლაინ-კონცერტს გამართავს

მელუასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქეთის ძმა ზურაბი, რომელიც ელექტროგიტარაზე დაუკრავს. ისინი შეასრულებენ სიმღერებს ახალი ალბომიდან Album No.8
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანელი მომღერალი, წარმოშობით ქართველი ქეთი მელუა 17 დეკემბერს თავისი კონცერტის გლობალურ „ლაივსტრიმს“ მოაწყობს.

მელუა შეასრულებს სიმღერებს ახალი ალბომიდან Album No.8. მასთან ერთად წარდგებიან ქეთის ძმა ზურაბ მელუა, რომელიც ელექტროგიტარაზე დაუკრავს, და ნინა ჰარისი, რომელიც მომღერალს აკომპანირებას კონტრაბასით გაუწევს. ტრანსლაცია გაიმართება ლონდონის ცენტრში მდებარე Rivoli Ballroom დარბაზიდან, რომელიც 1913 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ადგილას გადაიღეს მელუას კლიპი სიმღერაზე A Love Like That.

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილით პრესტიჟული საერთაშორისო სააგენტო Askonas Holt-ი დაინტერესდა

ეს განსაკუთრებული ღონისძიება მომღერლის თაყვანისმცემლებისთვის მთელ მსოფლიოში პირდაპირი ეთერით გადაიცემა, თუმცა მასზე „დასასწრებად“ საჭიროა ბილეთის შეძენა.

ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. 8 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიაში გადასახლდა, 14 წლისა კი - ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, როდესაც გამოვიდა მომღერლის პირველი ალბომი Call Off the Search. ალბომმა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში წამყვანი ადგილები დაიკავა და პირველ ხუთ თვეში 1,2 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2018 წელს, როდესაც ქეთი საქართველოს დედაქალაქში უფასოდ მართავდა კონცერტს, მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.