„ექვს ათასამდე ინფიცირებული დღეში“ – მოხსნიან თუ არა შეზღუდვებს 24 დეკემბრიდან

ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ შეზღუდვების მცირედით შერბილებამაც კი შესაძლოა ეპიდემიის ახალი აფეთქება გამოიწვიოს.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თუ საქართველოში 24 დეკემბერს, როგორც იგეგმება, შეზღუდვები მოიხსნება, ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, 5–6 ათასამდე მოიმატოს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და  შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც. 

„რთული იქნება“ – ჯანდაცვის უწყებაში კლინიკების დატვირთვაზე საუბრობენ

„თუ 24 დეკემბერს ჩვენ ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება. პირდაპირ გეუბნებით: ინფიცირებულთა მაჩვენებელი შეიძლება დღეში ხუთ-ექვს ათასამდე გაიზარდოს. დათვალეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება საავადმყოფოში და რამდენი შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია რადიკალურია და მიმართულია შეზღუდვების მინიმალური შერბილებისკენ.

„მცირედი შემცირების დინამიკა დამშვიდების არავითარ საფუძველს არ იძლევა, რადგან შემთხვევების რაოდენობა სერიოზულია. ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ შეზღუდვების სერიოზულად შერბილების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

„ახალი წელი გავაუქმოთ?" – რას გეგმავს დედაქალაქის მერი საახალწლოდ

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას შობა–ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ. დღესასწაულებზე დიდი შეკრებების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლოა, ის კლების ტენდენცია, რაც შეზღუდვების შედეგად ბოლო დღეებში შეინიშნება, ორ-სამ დღეში წყალში ჩაიყაროს, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

„ყველას გთხოვთ, ეს შობა–ახალი წელი აღვნიშნოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავყრილობები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში გრძელდება მოსახლეობის ინტენსიური ტესტირების პროცესი: ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 17 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა და 3.487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 198 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 167 ათასი გამოჯანმრთელდა, 1.922 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.