რას შეპირდა ე.წ. აფრიკის მოსახლეობას სოზარ სუბარი და რას არ დაუშვებს კახა კალაძე

ე.წ. აფრიკის დასახლებაში რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ისინი უსახლკაროდ რჩებიან, თბილისის მერი კი აცხადებს, რომ ამ ადამიანებს სახლები აქვთ.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიამ ათასზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძნელია დახმარება, განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

ე.წ. აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე  მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცველებსა და საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს შორის დაპირისპირება მოყვა. ადგილობრივების განცხადებით, მათ სხვა საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ და შენობების დანგრევის შემთხვევაში უსახლკაროდ რჩებიან.

„ბევრი უკანონო მშენებლობაა და ყველას ერთსა და იმავეს ვპირდებოდი, სადაც შესაძლებელი იქნება, გავაკეთებთ და დავეხმარებით დაკანონებაში“, - აღნიშნა სოხარ სუბარმა, რომელიც  მე-10 მოწვევის პარლამენტში ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.
„არ დავთმობთ": ე.წ. აფრიკის დასახლებაში უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი მიმდინარეობს

სუბარმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ის ვერავის ვერაფერს დაპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

„არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს სახლები წლების წინ აქვთ აშენებული, იქ ცხოვრობენ, ხეხილი აქვთ დარგული და ვპირდებოდით, რომ დავეხმარებოდით. მათ შორის იყო ხალხი, ვინც მეუბნებოდა, რომ 1 400 ან 1 800 კვ.მ. აქვთ შემოღობილი. ასეთ ადამიანებს იქვე ვეუბნებოდი, რომ 1 800 კვ.მ-ის დაკანონებაში მივეხმარებოდი, სადაც საშუალებას კანონი მოგვცემდა. თუ ადამიანებმა მართლაც ბოლო ორ-სამ თვეში ააშენეს სახლები და სხვა საცხოვრებელი აქვთ, ასეთ შემთხვევაში კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ“, – განაცხადა სუბარმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კი თავის მხრივ განაცხადა , რომ იმ შენობებში, რომლის დემონტაჟიც დღეს ე.წ. აფრიკაში დაიწყო  არავინ არ ცხოვრობს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები“, - აცხადებს თბილისის მერი.
თბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო – ვიდეო

მისი თქმით, ეს არის დატაცებული მიწები და მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების განმავლობაში მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მისაკუთრება.

„ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. ეს არიან ის ადამიანები, ვისაც აქვს სახლები, მიწები და ა.შ. ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ძალები, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთი გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა კალაძემ.

მათ, ვისაც სახლი არ აქვს, კალაძე ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს.

„ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომლის ნახევარიც ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ. მეორე ვარიანტია, რომ ხალხს, რომელსაც გარკვეული პრობლემა აქვს, სახლი დაენგრათ ან ა.შ., გამგეობები მათთვის გამოყოფს თანხას და შეგვიძლია, ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი კანონის შესაბამისად მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ე.წ. აფრიკის დასახლებაში მომხდარი ინცინდენტის შედეგად ერთი ქალი მსუბუქად არის დაშავებული. დაკავებულია რამდენიმე პირი.