თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველების დახმარების მიზნით ბიზნესის წარმომადგენლების და ცალკეული მოქალაქეების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო.
თბილისის მერიის ცნობით, დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად პროდუქტების დროებით საცავში მივიდა და ამანათების განაწილებაში ჩაერთო.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ შემომწირველს და აღნიშნა, რომ შეგროვებული პროდუქტების გარდა, თბილისის ბიუჯეტში უკვე გამოიყო 1,2 მილიონი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით.
„ყველა ჩართულ კომპანიას მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგი საქმე კეთდება და სოლიდარობის განცდა, რომელიც არის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პროექტში და ამისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. დღეს უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება, რითაც ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით. გარდა ამისა, 1.2 მილიონი ლარი გამოყო მუნიციპალიტეტმა: 500 ათასი ლარი მობილიზებულია სარეზერვო ფონდში, ხოლო 700 ათასი, რაც საახალწლო სოფლისთვის უნდა დახარჯულიყო, მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც დაურიგდება მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა.