თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
სხდომაზე ძირითადად ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, სხდომაზე მთავრობის შემადგენლობის საკითხი არ განხილულა. რაც შეეხება პრემიერს, ამ პოსტზე „ქართული ოცნება“ კვლავ გიორგი გახარიაზე აკეთებს არჩევანს. სწორედ მან უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი.
„პირველ რიგში ჩვენ პრემიერის პოზიციას ველოდებით. ჩვენ უახლოეს დღეებში პრემიერთან შეხვედრა გვექნება და მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მის პოზიციას მოვისმენთ. ამის შემდეგ განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაიმართება და ჩვენ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა თუ არა მინისტრების კანდიდატურები, კობახიძემ უპასუხა, რომ განხილვა ჯერ არ მომხდარა და ისინი პრემიერს ელოდებიან.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ იქნება იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარლამენტში განათლების კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. თავად წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ძველ თანამდებობაზე დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა.
„ჯერჯერობით იგივე შემადგენლობა რჩება, რომელიც ადრე იყო. რაც შეეხება ცვლილებებს, იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ცვლილება სახეზეა, სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას კი არ ვფლობ. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრემიერის პოზიციას დაველოდებით. რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით, ჩვენ არ ველოდებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.