აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციისთვის გათვალისწინებული შვიდი ადგილი ცარიელი იყო.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს, მის კანდიდატურას „ქართული ოცნების“ 14-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.

საპროტესტო აქცია აჭარაში: პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა>>>

კენჭისყრა ფარული იყო. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ, რომელთაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 14 ადგილი აქვთ.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 ადგილიდან 14 მმართველმა პარტიამ, 7 კი ოპოზიციამ მიიღო. „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია მანდატებზე უარს აცხადებს და პარტიული სიების გაუქმებას გეგმავს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.