შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ჰინდიზე გამოიცა

რუსთაველის პოემა თბილისში პირველად 1712 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ იგი მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ინდოეთში ჰინდი ენაზე გამოიცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

გიყვარს „ვეფხისტყაოსანი“? – ჩაერთე ღონისძიებაში

გავრცელებული ინფორმაციით, წიგნის თარგმნის და ჰინდიზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.

ჰინდი ენაზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონლაინ–რეჟიმში გაიმართა.

„საქართველო და ინდოეთი უძველესი კულტურითა და ტრადიციებით ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან მოტივირებული ვიყავი, რომ ინდოელი მკითხველისთვის ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად ჰინდურ ენაზე გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი „ვეფხისტყაოსანი“, – განაცხადა ძულიაშვილმა.

ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინ–პრეზენტაციაზე ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწარმოებია, რომელიც გენიალურმა შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში დაწერა.