როდის განახლდება საერთაშორისო ფრენები: თურნავას განმარტება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმება თებერვლიდან იგეგმება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. 

TAV Georgia ნოემბრის თვეში დაგეგმილი ფრენების განრიგს აქვეყნებს

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო. 

„დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ზაფხულის შუა პერიოდში ეტაპობრივად დაიწყო რეგულარული რეისების აღდგენის პროცესი. ამ დროისათვის თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ავიარეისები ევროპის 15 ქვეყანაში ხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაციის გაუარესების გამო დაგეგმილი ავიარეისების გაუქმება ან გარკვეული დროით გადადება ბევრჯერ მოუწია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებს.