ყვითელი ამბები

„ძვირადღირებული სახლი კოტე გოგელიამ მაჩუქა“ – რა აკავშირებთ პაატა იმნაძეს და მაკა ასათიანს

სოციალურ ქსელში ცნობილი ეპიდემიოლოგი განცხადებას ავრცელებს. ნახეთ რა ნათესაური კავშირი აქვს მას ცნობილი დიზაინერის ქმართან.
Sputnik

თბილისი,  14 დეკემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ძვირადღირებული ბინა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პრესტიჟულ კორპუსში ბიზნესმენმა კოტე გოგელიამ აჩუქა.

პაატა იმნაძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პაატა იმნაძემ პანდემიის დროს ვაკეში მდებარე პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექს „არტ ჰაუსში” ძვირადღირებული ბინა შეიძინა, რომელიც დეკლარაციაში არ ასახა.

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

„საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის. როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც“, – დაწერა პაატა იმნაძემ.

საზოგადოებისთვის კოტე გოგელია, მაკა ასათიანის მეუღლის სტატუსის გარდა, პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული პარტიის“ სახელით გახდა ცნობილი. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ქართული პარტიის” საკმაოდ აქტიურ ლიდერად ითვლებოდა. იმ პერიოდში გოგელია ირაკლი ოქრუაშვილის აქტიურ მხარდამჭერად და თანამოაზრედ სახელდებოდა.

ამჟამად კოტე გოგელია და მაკა ასათიანი შვეიცარიაში ცხოვრობენ. მათ ჰყავთ ერთი შვილი კოსტა გოგელია. მაკა ასათიანს პირველი მეუღლისგან მერაბ ჟორდანიასგან ორი შვილი, კახი და ლევან ჟორდანიები ჰყავს.