მსოფლიო დღეს

იაპონიაში ქათმის გრიპის ახალი კერები გაჩნდა

ქათმის გრიპი იაპონიაში უკვე ათ პრეფექტურაში გამოვლინდა. ნოემბრის დასაწყისიდან იაპონიაში 2 მილიონი ქათამი გაანადგურეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთი სეზონისთვის.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. იაპონიაში სიგას პრეფექტურაში დაფიქსირდა ქათმის გრიპის აფეთქება, რომელსაც მაღალი პათოგენურობა ახასიათებს, იუწყება სააგენტო KYODO NEWS.

ეს უკვე მეათე პრეფექტურაა იაპონიაში, სადაც ფრინველებს ქათმის გრიპის გამო ანადგურებენ. ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც პირველი შემთხვევები გამოვლინდა, იაპონიაში 2 მილიონი ქათამი გაანადგურეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთი სეზონისთვის. ამ დრომდე ქათმის გრიპის კერები აღმოჩენილია შემდეგ პრეფექტურებში: კაგავა, ფუკუოკა, ჰიოგო, მიაძაკი, ჰიროსიმა, ნარა, ოიტა, ვაკაიამა და ოკაიამა.

ფრინველის გრიპი მძლავრობს: მსოფლიოს ქვეყნებში ქათმების განადგურება დაიწყო

სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთ ფერმაში 50-ზე მეტი დაცემული ქათამი ნახეს. ანალიზებმა ქათმის გრიპზე დადებითი შედეგი აჩვენა. არსებობს ეჭვები მისი მაღალი პათოგენურიბის შესახებ.

მეურნეობაში 11 ათასზე მეტ ფრინველს გაანადგურებენ. ფერმის ირგვლივ 3-კილომეტრიან ზონაში ქათმებისა და კვერცხის გადაზიდვაზე კარანტინი დაწესდა.

სიგას პრეფექტურიდან 10 კილომეტრის რადიუსში, სადაც ქათმის გრიპის ვირუსი გამოვლინდა, კიდევ ექვსი ქათმის ფერმა მდებარეობს, იქ 58 ათას ქათამს ზრდიან. ამჟამად სხვა ფერმებზე ქათმის გრიპის სხვა კერების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მანამდე ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, დანიასა და ნიდერლანდებში. ინფექციასთან ბრძოლის ფარგლებში ევროპის სახელმწიფოებში ასობით ათასი ქათამი გაანადგურეს.

რამდენიმე დღის წინ დაავადებამ თავი იჩინა დიდ ბრიტანეთშიც – ხელისუფლებამ ათასობით ინდაურის განადგურების ბრძანება გასცა, და ასევე სამხრეთ კორეაშიც, სადაც ასევე ასობით ათასი იხვი და ქათამი გაანადგურეს.