ზოგი ჭირი მარგებელია, ანუ როგორ გააღვიძა მტრის სისასტიკემ ქართველთა მებრძოლი სული

ქართველობა მძიმე ჯვარია, გოლგოთის გზაა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გამოიარეს. ზოგჯერ კიდეც დავღლილვართ, უიმედობაც მოგვრევია, მაგრამ მალევე გამოვფხიზლებულვართ და ისევ მყარად დავმდგარვართ ფეხზე. 
Sputnik

როგორც იოანე საბანისძე წერდა ბევრჯერ „გადაგვლარძნეს ― რომელნიმე მძლავრობით, რომელნიმე შეტყუვილებით,  რომელნიმე უმეცრებით, რომელნიმე მზაკვრობით“, თუმცა მაინც  დაგვიღწევია თავი არაერთი განსაცდელისაგან. ზოგჯერ ამაში თავად მტერიც დაგვხმარებია, რომელთაც თავიანთი მზაკვრობითა და სისასტიკით, მინავლებული ქართული მებრძოლი სული ფენიქსივით ისევ აუღორძინებიათ.

მარტყოფის ბრძოლა — მარცხი, რომელ აროდეს ენახა „ალაჰის ჩრდილს“

მაგალითად გამოდგება არაბების ბატონობის ხანა. ახალ სარწმუნოებაზე ― ისლამის რჯულზე გადასულმა არაბებმა სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში ლამის ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს. მეზობელი სახელმწიფოები იარაღის ძალით დაიმორჩილეს, შორეული ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობა დიპლომატიითა და „შეღავათიანი პირობებით“ მოხიბლეს...

654 წელს არაბი სარდლის, ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ ქართველებისათვის  შედგენილი „დაცვის სიგელი“ კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისა და ქრისტიანული სარწმუნოებისთვის. ამ „სიგელის“ თანახმად, არაბები არავის აძალებდნენ ისლამის მიღებას, მაგრამ ვინც „ჭეშმარიტ სარწმუნოებას“ ეზიარებოდა, იღებდა პიროვნულ თავისუფლებას,  არაბების ძმა ხდებოდა და თავისუფლდებოდა ყოველგვარი ბეგარა-გადასახადისგან.  და ეს ფაქტორი დაბალი ფენის ნაკლებმორწმუნეთ ― ყმა-გლეხებს, მოჯამაგირეებს, წვრილ ვაჭრებსა თუ ხელოსნებს ― ქრისტიანობისგან განდგომისკენ უბიძგებდა. ათასობით ქრისტიანი ტოვებდა მამა-პაპისეულ სარწმუნოებას და მუსლიმდებოდა. ამ კატასტროფული ვითარების გამოძახილს წარმოადგენდა იოანე საბანისძის შეგონება თუ გოდება:

„აღვერიენით ერსა უცხოსა... ნათესავსა საწუთროსა ამის მოყვარესა... სარწმუნოებისა ჩვენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვმონებდით გულის თქუმასა გულითა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა“.

ისლამიზაციის პროცესმა ამიერკავკასიაში კატასტროფული ხასიათი მიიღო. მუსლიმანურმა სამყარომ „ჩაყლაპა“ ქრისტიანული ალბანეთი, შეავიწროვა სომხური სახელმწიფოები, სავალალო დღეში აღმოჩნდნენ ქართველები და ვინ იცის, იქნებ ჩვენც დღესდღეობით გადაშენებულ ალბანელთა ბედიც გაგვეზიარებინა, მურვან ყრუს ლაშქრობას რომ არ მოესწრო.

მტრისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე: ამბავი მხცოვანი ქართველი გმირისა

ხალიფას ბიძაშვილი და შემდგომში თავად   ხალიფა მირვან იბნ მუჰამედი საქართველოს 735 წელს შემოესია და სისხლის მდინარეები დააყენა, ათასობით სოფელი და დასახლება ნაცარტუტად აქცია. განსაკუთრევბით დიდი ზიანი მიადგა სამხრეთ საქართველოს, რომელიც მურვანის ლაშქრობის შემდეგ თითქმის ერთი საუკუნე სრულიად გაუკაცრიელებული იყო.

სწორედ მურვან-ყრუს სისასტიკემ დაანახა ქართველებს არაბი დამპყრობლების ნამდვილი სახე. აი მაშინ კი იკადრეს ხმლისათვის ხელის მოკიდება და მტერთან შებრძოლება. მტერმა, რომელიც ქართველთა  დაშინებას ტერორით შეეცადა, საპირისპირო შედეგი მიღო: ქართველობა ერთ მუშტად შეიკრა და საკადრისი მიუზღო დამპყრობელს. ერთბაშად ძალუმად იფეთქა ქართულმა მებრძოლმა სულმა და ერთი შეხედვით გადაშენების გზაზე შემდგარ ერში ქვეყნის თავისუფლებისა და ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მებრძოლი არაერთი გმირი შვა.

შურისძიება ნამდვილ ქართულად, ანუ როცა ასეთი სიყვარულია

მანამდე დაუმარცხებელმა არაბებმა პირველი დიდი მარცხი სწორედ საქართველოში, ანაკოფიის კედლებთან იგემეს და ხელმოცარულნი იძულებული გახდნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ. ქართველთა რისხვას გარიდებულ არაბ სარდალს გზად, რომ იტყვიან, ღვთის რისხვა დაატყდა თავს ―  ადიდებულმა მდინარეებმა, ცხენისწყალმა და აბაშისწყალმა, ათასობით მტარვალი შეიწირა.

მართალია მურვანმა 738 წელს ქართულ მიწაზე არაბთა საამირო შეგვიქმნა, მაგრამ ამიერიდან აღზევებულ ქართულ მებრძოლ სულ ვეღარაფერი შეაკავებდა. ქართველობა და მართლმადიდებლობა ერთიან მცნებად იცა, ხოლო არაბთაგან გვემულ წმინდანთა მაგალითები მისაბაძი გახდა შთამომავლებისათვის ― ნიშანსვეტი იმისა, რომ ქართველობას გადაშენება არ უწერია.

არაბებმა საქართველოში თითქმის 400 წელი იბატონეს, მაგრამ ულმობელმა დრომ მათი ნაკვალევიც წაიშალა და გადარეცხა, თავისუფალი საქართველო კი ისევ არსებობს!