თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. პროპორციული საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისათვის უკვე მიმართეს ოპოზიციურმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო საქართველოსთვის“.
დღეს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრებოდა – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდის კიდევ ორი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.
„ჩვენ დღეს ცესკოში შემოვიტანეთ საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სახელით განცხადება, რომლითაც „ჩავხსნით“ პროპორციულ საარჩევნო სიას“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, ახლა რომ პარტიას ცესკოსთვის განცხადებით მიემართა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, სია გაიხსნებოდა და პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით მომდევნო 36 დეპუტატს დარჩებოდა საშუალება, რომ მათი უფლებამოსილება ეცნო პარლამენტს.
„როდესაც ჩავხსნით ამ სიას, უკვე ამ ადამიანებსაც აღარ ექნებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დარჩება მარტო ის 36 დეპუტატი, რომლის უფლებამოსილებაც ძალით ცნეს და ახლა უკვე ის 36 დეპუტატი მიმართავს პარლამენტს განცხადებით, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს. ამით იურიდიულად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, ცესკოს მიერ სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა დაკმაყოფილდეს პროპორციული სიის ჩახსნის მოთხოვნა.
„ცესკო თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ავტომატურად ჩახსნილი იქნება სია და დაახლოებით უკვე 17-ში ჩვენ, პარლამენტის წევრები, რომელთა უფლებამოსილება დღეს ძალით ცნეს, მივმართავთ პარლამენტს, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. პარლამენტს აქვს დაახლოებით ორკვირიანი ვადა, რომ ეს განცხადებები განიხილოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი შეფასებით, დღევანდელი დღე შავი ლაქა იქნება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად ერთპარტიული პარლამენტი გააფორმა.
„ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად, არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას, ამიტომ ვაგრძელებთ ამ იურიდიულ პროცედურას – როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა. გუშინ კი მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.
ოპოზიცია ხელს აწერს მეათე მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარის შესახებ მემორანდუმს >>
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციის ფონზე გაიხსნა. პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს. ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „მოქალაქეებმა“.