საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ავტომატურად გადადგა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მინისტრთა კაბინეტის მიერ უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით მიმართვა ცნობად მიიღო.

მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.

თავის მხრივ, მეათე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას პარასკევს, 11 დეკემბერს შეუდგა. უკვე ცნობილია, რომ პრემიერის პოსტს ისევ გიორგი გახარია დაიკავებს.

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მთავრობის დაკომპლექტება და მისთვის ნდობის გამოცხადება ორი კვირის განმავლობაში მოხდება. ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.