თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 88 ხმით მიიღო დადგენილება მეათე მოწვევის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილი: „დავიღალეთ“ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვით>>>
პირველ სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრება – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდის კიდევ ორი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.
ამ დროისათვის დეპუტატები ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ.
„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“, — ფიცის ტექსტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წაიკითხა.
ფიცის დადების შემდეგ თითოეული დეპუტატი ხელს მოაწერს ფიცის ტექსტს.
პარლამენტის სხდომის პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი უკვე მოაწერეს მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და პარტიული სიების „ჩახსნის“ შესახებ.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“. მიუხედავად ამისა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.