თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიწყო პარლამენტთან, სადაც 12:00 საათზე უნდა გაიხსნას მეათე მოწვევის პირველი სხდომა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ყვავილები მიიტანეს, ისინი აცხადებენ, რომ „დემოკრატიის დაკრძალვის ცერემონიას“ ატარებენ, და პოლიციელებისა და ავტომობილების მისამართით ყვავილებს ისვრიან.
ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის უკვე მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად მართავს აქცია-პერფორმანსს. აქვე შეიკრიბნენ „პროგრესული საქართველოსთვის“ მხარდამჭერები, რათა გააკონტროლონ, რომ პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ შევიდეს. პარლამენტის უკანა შესასვლელთან არის დაანონსებული „ლეიბორისტული პარტიის“ აქციაც. აქვე იკრიბებიან ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები.
აქციის მონაწილეებმა სირცხვილის დერეფნები მოუწყვეს იმ დეპუტატებს, რომლებმაც ახალ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. მომიტინგეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას აპირებენ.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.