მსოფლიო დღეს

რეპროდუქცია ეგონათ: დაკარგული შედევრი 60 წელი ეკიდა ოფისის კედელზე

ნახატს შემთხვევით მიაქციეს ყურადღება ოფისში ინვენტარიზაციაზე მისულმა ექსპერტებმა და ის შესასწავლად წაიღეს.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ნახატი, რომელიც ბელგიაში, ბრიუსელის სენ-ჟილეს რაიონის ადმინისტრაციის კაბინეტის კედელზე 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკიდა, ფლამანდიური სკოლის მხატვრის იაკობ იორდანსის დაკარგული შედევრი აღმოჩნდა, იუწყება გამოცემა The Guardian.

​გავრცელებული ინფორმაციით, ნახატს „წმიდა ოჯახი“, რომელიც ადმინისტრაციაში რეპროდუქცია ეგონათ, კულტურული მემკვიდრეობის სამეფო ინსტიტუტის თანამშრომლებმა მიაქციეს ყურადღება 2019 წელს ინვენტარიზაციის დროს. შესაბამისად, ის შემდგომი შესწავლისა და ანალიზისთვის წაიღეს.

სურათის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტილო 1617 ან 1618 წლებშია დახატული და არის ნახატის პირველი ვარიაცია, რომლის შემდგომი ვერსიებიც ინახება მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში: სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმსა და მიუნხენის ძველ პინაკოთეკაში.

ლეონარდო და ვინჩის იდუმალი ნახატი გაშიფრულია: გულის დაავადება, რომელიც მხოლოდ მრტ-ზე ჩანს

ბელგიის ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმების უფროსმა კურატორმა იოსტ ვანდერ აუვერამ აღნიშნა, რომ აღმოჩენამ ხელი შეუწყო იორდანსის ადრეული ნამუშევრების არა მხოლოდ ზუსტ დათარიღებას, არამედ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატის ისტორიის შესწავლასაც.

მისი თქმით, ხის იმგვარ პანელს, რომელზეც ნახატია შესრულებული, სხვა ფლამანდიელი ფერმწერი ანტონის ვან დეიკიც იყენებდა. შესაბამისად, ექსპერტს მიაჩნია, რომ ორივე მხატვარი იმ დროს რუბენსის სახელოსნოში მუშაობდა. 

ნახატს ერთი წლის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდება, 2021 წლის ბოლოს კი ბელგიის ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმებში გამოიფინება.