„ერთპარტიულობას ჰქვია დიქტატურა“: როგორ აფასებს პოლიტიკურ კრიზისს გიორგი მარგველაშვილი

მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ოპოზიციის დეპუტატების გარეშე შეუდგა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ვერ იფიქრებდა, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი იქნებოდა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. დღეს მძიმე დღეა, რომელიც არასასიამოვნო ლაქად შევა ჩვენს ისტორიაში, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

ელისაშვილი: კლოუნადაში არ მივიღებთ მონაწილეობას, პარლამენტში შეთანხმების შემდეგ შევალთ

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას, რომელიც დღეს გაიხსნა, 150-დან ესწრება 88 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

დღესვე პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მანდატებზე უარი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“. მიუხედავად ამისა, ისინიც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

„ამ დღის სიმძიმე ჩვენი დემოკრატიისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის და პერსპექტივისთვის მძიმე გასააზრებელია“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ის ვერასდროს იფიქრებდა, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი იქნებოდა.

„მესმის, ეს დეტალებია პოლიტიკური დაპირისპირების, მაგრამ რომ გაბედავ, შეხვალ და იტყვი ამ თავისუფლების ქვეყანაში, მარტო ვაპირებ ქვეყნის მართვასო, ეს არის ის სასაცილო მცდელობა, რასაც ჰქვია ერთპარტიული მმართველობა, და ერთპარტიულობას ჰქვია დიქტატურა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გუშინ მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.

მოლაპარაკებებში შუამავლების ფუნქციას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ასრულებენ.