ბოკერია ელისაშვილზე: „იყოს კობახიძის სპიკერი“

ოპოზიციური პარტიების ლიდერთაგან პირველი, ვინც ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებასა და ბოიკოტის გადაწყვეტილების შეცვლაზე განცხადება გააკეთა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო, ოპოზიციის სხვა ლიდერებმა მისი პოზიცია არ გაიზიარეს.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს, იყოს კობახიძის სპიკერი, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ელისაშვილი: კლოუნადაში არ მივიღებთ მონაწილეობას, პარლამენტში შეთანხმების შემდეგ შევალთ

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად რვა ოპოზიციური პარტია მოხვდა, რომლებმაც არსებული 150-დან 60 ადგილი გადაინაწილეს. ბოლო დრომდე ისინი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იბრძოდნენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერთაგან პირველი, ვინც ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებასა და ბოიკოტის გადაწყვეტილების შეცვლაზე განცხადება გააკეთა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გახდა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციების ფონზე გაიხსნა. პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს. ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „მოქალაქეებმა“.

გიგა ბოკერიას თქმით, ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოიქცევა ალეკო ელისაშვილი.

„ვისურვებდი აქამდე არ მიეყვანა საქმე თავისი თავისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის საქციელი ცალკეული პერსონების მხრიდან მათ პოლიტიკურ კარიერას ასრულებს“, – განაცხადა ბოკერიამ.
„ერთპარტიულობას ჰქვია დიქტატურა“: როგორ აფასებს პოლიტიკურ კრიზისს გიორგი მარგველაშვილი

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, გიგა ბოკერიას განცხადებით, „გირჩი“ იმავე პოზიციაზეა – სიების „ჩახსნა“ და გამოსვლა პარლამენტიდან, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული. რაც შეხება „რესპუბლიკელებს“, „აქ რაღაც წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და არ უნდა რამე დააბრალოს“.

„მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის პოზიცია არის მყარი. რამდენიმე ადამიანი თუ ასეთ შეცდომას დაუშვებს, ეს ვერ შეცვლის ამ სურათს და ვერ შეუმსუბუქებს ივანიშვილს რეჟიმს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს და კობახიძის სპიკერი იყოს“, – განაცხადა ბოკერიამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავაც მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება არ არის.

„ალეკო ელისაშვილი გადავულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ჩვენს რიგებში. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს პარლამენტი რომ არის არალეგიტიმური და ამ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, ეს საკითხი დახურულია. ელისაშვილი არის გამონაკლისი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილს მეტი არც ერთი პარტიის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს“, – აღნიშნა კუკავამ.
„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარტია „მოქალაქეებს“ ორი მანდატი ერგება და ამით პარლამენტში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მოხვდნენ.

რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, კახა კუკავას თქმით, მათ გააკეთეს განცხადება, რომ როგორც კი მოლაპარაკების პროცესი დაიხურება, „რესპუბლიკელებიც“ შეწყვეტენ დეპუტატის მანდატს და არ შევლენ პარლამენტის შემადგენლობაში.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა. გუშინ კი მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.

დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე კი უკვე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. იმის გამო, რომ სხდომას ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტური დარჩა.