მსოფლიო დღეს

ფინეთის ატომურ ელექტროსადგურზე „სერიოზული ინციდენტი“ მოხდა: ვრცელდება განმარტება

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ყოველი შემთხვევისთვის, საევაკუაციო და სამედიცინო მოქმედებებისთვის მზადყოფნის დონე გაზარდა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ფინეთის ატომურ ელექტროსადგურ ოლკილუოტოზე „სერიოზული ინციდენტი“ მოხდა, თუმცა ადამიანებსა და გარემოს საფრთხე არ შექმნია, იუწყება Daily Mail ფინეთის რეგულატორზე დაყრდნობით.

„რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტომ (STUK) მიიღო ინფორმაცია სერიოზული ავარიული სიტუაციის შესახებ ოლკილუოტოს ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკზე, რასაც ავარიული გაჩერება მოჰყვა. ატომური ელექტროსადურიდან რადიაცია გარემოში არ მოხვედრილა, ვითარება ნორმალურია“, — ნათქვამია STUK-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ადამიანების ევაკუაციის ან იოდის აბების მიღების აუცილებლობა არ არსებობს.

​მიუხედავად ამისა, ფინეთის ჯანდაცვის მინისტრის აინო-კაის პეკონენის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზარდა საევაკუაციო და სამედიცინო მოქმედებებისთვის მზადყოფნის დონე.

  • „ახლა ელექტროსადგურზე ვითარებას დაახლოებით 70–80 ადამიანი აკვირდება. სადგურის თანამშრომლებს რადიაციული ზემოქმედება არ დაუდასტურდათ“, — აღნიშნა მინისტრმა.

წინასწარი მონაცემებით, აეს-ზე წყლის გამწმენდი სისტემა დაზიანდა, რის შემდეგაც განგაშის სიგნალიზაცია ამუშავდა და ბლოკი იზოლაციაში მოექცა. შესაბამისად, მის შიგნით მომატებულმა რადიაციამ გარეთ ვერ გამოაღწია. 

აღინიშნება, რომ მეორე ბლოკის გათიშვის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის დანარჩენი ბლოკები გეგმურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.