ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძე ახალ ბიზნესს იწყებს – ნახეთ რა სიურპრიზს უმზადებს მომხმარებლებს დიზაინერი

ცნობილი დიზაინერი მალე ახალ ბიზნესს დაიწყებს. ამის შესახებ ანუკიმ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ უკვე აცნობა.
Sputnik

დღეს, უკვე არაერთ ცნობილ ადამიანს აქვს სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების საკუთარი ხაზი. როგორც აღმოჩნდა, მალე ქართულ ბაზარზეც გაჩნდება დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ბრენდი და, რაც უფრო საინტერესოა, ამ ყველაფრის უკან ანუკი არეშიძე დგას. დიზაინერმა Instagram-ის „სთორიზე“ ANOUKIBEAUTY დააანონსა.

ბრენდთან დაკავშირებული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ანუკი არეშიძე ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელმაც კარგად იცის თანამედროვე ტენდენციები და ასევე კარგად იცის, რა ფორმით მიიტანოს ეს სიახლე თანამედროვე მომხმარებლამდე.

თბილისის მერის მეუღლე წარმატებული დიზაინერია. ANOUKI – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბრენდი 2013 წელს ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შექმნა. ანუკის განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს მიღებული, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებით მილანის დიზაინის სკოლაში ჩაბარება დაეხმარა მას გაეგო, რა მიმართულებით სურდა მუშაობა. დიზაინერობის სურვილი და საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა კი მას ბავშვობიდან ჰქონდა.

თავდაპირველად დიზაინერმა თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე მრავალი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობა მიმდინარე სიახლეებს. ანუკის ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს გვთავაზობს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.