ყვითელი ამბები

„თმის შეღებვა-შეჭრა, მაკიაჟი ვისაც გჭირდებათ, მომმართეთ“ – თეა დარჩიას ახალი წამოწყება

ხელოვანების დიდ ნაწილს პანდემიის პერიოდში ფინანსურად ძალიან გაუჭირდა. აღმოჩნდა, რომ მათ რიცხვშია ცნობილი მოცეკვავე თეა დარჩიაც.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში თავისი ახალი იდეის შესახებ წერს. ქორეოგრაფი, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს და ცეკვის სახელოსნო „ლოკდაუნის“ გამო დახურული აქვს, გამოსავლის ძებნაშია, რათა როგორმე თავი გაიტანოს, მრავალრიცხოვან ოჯახს გაუძღვეს.

ქორეოგრაფის თქმით, მზადაა მიიღოს კლიენტები, რომლებსაც სტილის შერჩევა, თმის შეღებვა, შეჭრა, დავარცხნა და მაკიაჟი სურს.

მარტო ღმერთის იმედი მაქვს, მეტი არავის და არაფრის, განაცხადა ცეკვის სახელოსნო „თედასის” დამფუძნებელმა, ცნობილმა მოცეკვავემ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „TV პირველის” ეთერში, სადაც პანდემიის გამო მოქმედი რეგულაციებისგან დაზარალებული სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ღიად ისაუბრეს პრობლემებზე.

მოცეკვავის თქმით, ის არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არაა, მოცეკვავეა და პოლიტიკა მისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მაინც უწევს ხელისუფლების კრიტიკა, რადგან მის დანაშაულს ხედავს იმაში, რომ დღეს ასეთ მდგომარეობაშია.

„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს – 28 წლის მარიამი, 18 წლის მირიანი, 9 წლის იოანა და 6 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები – დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.