საქართველო „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას შეუერთდა

ინიციატივა გულისხმობს კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენების თაობაზე ინფორმაციის, ასევე მაფრთხილებელი შეტყობინებების ურთიერთგაზიარების მექანიზმის გაუმჯობესებას
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველომ მხარი დაუჭირა „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას, რომელიც კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

როდის განახლდება რეგულარული ავიამიმოსვლა ევროპასთან – გახარიას განმარტება

კანადის ტრანსპორტის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 8-9 დეკემბერს „უსაფრთხო ცის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი (Safer Skies Forum) გაიმართა. ღონისძიება ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ფორუმის მიზანია - კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენებისთვის შექმნილი საფრთხეების და რისკების შემცირების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ფართო დიალოგის გამართვა და ერთობლივი სამომავლო ღონისძიებების დასახვა.

ონლაინ-შეხვდრაში მონაწილეობას იღებდნენ კანადის ტრანსპორტის მინისტრი მარკ გარნო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი სალვატორე შაკიტანო.

ფორუმის ფარგლებში მოწვეულმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს კანადის მიერ ინიცირებულ „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას. საქართველოს სახელით, ერთობლივ განცხადებას შეუერთდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.

Wizz Air–ს საქართველოს ავიაბაზარზე მომავალი წლის გაზაფხულზე დაბრუნების იმედი აქვს

დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენების თაობაზე ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და მაფრთხილებელი შეტყობინებების ურთიერთგაზიარების მექანიზმის გაუმჯობესება, ეროვნული მოთხოვნების შემუშავება ავიაგადამზიდველებისთვის და მათთვის რისკების შეფასების მოთხოვნა უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, საფრთხის შემცველ სიტუაციებში, საავიაციო ხელისუფლებებს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებსა და ეროვნულ თავდაცვაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და სხვა.

მიმდინარე წლის დასაწყისში „უსაფრთხო ცის“ ინიციატივით კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო გამოვიდა. ინიციატივა მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცებას საომარი მოქმედებების დროს, კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რისკების შემცირების მიზნით.

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით მხოლოდ სპეცრეისები სრულდებოდა მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად. შუა ზაფხულიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. ამჟამად თბილისიდან და ქუთაისიდან ავიარეისები 15 ქალაქის, ძირითადად ევროპის მიმართულებით სრულდება.