საეკლესიო კალენდარი: 10 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 დეკემბერს დიდმოწამე იაკობ სპარსის, ღირსი პალადის და ღირსი რომანოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik

დიდმოწამე იაკობ სპარსი

 წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმიდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. ბოლოს ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა 421 წელს.

ღირსი პალადი

ღირსი პალადი თესალონიკში დაიბადა. იგი ალექსანდრიაში მოსაგრეობდა VI-VII საუკუნეების მიჯნაზე და ღვთივსათნო ღვაწლით გაბრწყინებული მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებუ-ლობაში.

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.