პაატა იმნაძე: ინფიცირებულთა მატება არ გვაქვს, ვირუსი შეკავებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემოღებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე, ტესტირების ორჯერ გაფართოების მიუხედავად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა აღარ გვაქვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.570-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 178.953-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 28.938 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.918 პაციენტი.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. სწორედ იმის გამო, რომ პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, – განაცხადა იმნაძემ.

ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.