რაზე შეთანხმდნენ ევროპის ცენტრალური ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი

ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანი საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსური სისტემისათვის ევროს ლიკვიდობის მიწოდებაა
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. Covid-19-თან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში  ევროპის ცენტრალური ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, 100 მლნ ევროს ფარგლებში, ევროს რეპო ხაზის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული ხაზი ცენტრალური ბანკებისათვის ევროსისტემის რეპოს მექანიზმის (Eurosystem repo facility for central banks (EUREP) ფარგლებში ამოქმედდა.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

ინსტრუმენტის მიზანი საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსური სისტემისათვის ევროს ლიკვიდობის მიწოდებაა. მექანიზმი ძალაში იქნება 2021 წლის 30 ივნისამდე და მის საოპერაციო მხარდაჭერას გერმანიის ბუნდესბანკი უზრუნველყოფს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, გაფორმებული დოკუმენტი ამგვარი ტიპის პირველი ხელშეკრულებაა.

„კრიზისების დროს ხშირად არის ხოლმე ლიკვიდობასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ეროვნული ბანკი კარგად უმკლავდება, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაცული ვიყოთ ამ მიმართულებით, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკთან ეს ხელშეკრულება გაგვეფორმებინა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.