თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ხვალ შედგება, განაცხადა პარტია „ქართულო ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მოლაპარაკებები გრძელდება: ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება>>
კობახიძის განცხადებით, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. უნდა მომზადდეს მთავრობის შემადგენლობის საბოლოო ვერსია, რომელიც პარლამენტს წარედგინება და ის ორი კვირის ვადაში უნდა დამტკიცდეს.
„დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის პირობა, რომელიც ელჩების თანდასწრებით დავდეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე ორი სხვადასხვა მიმართულებით - არჩევნების ადმინისტრირება და საარჩევნო სისტემის სხვადასხვა საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს შედეგების მიხედვით, 150-დან 60 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს. მათ პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოაცხადეს და დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობენ.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს არ ცნობს, მოითხოვს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე. ვითარების დარეგულირებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებზე მიიწვიეს, თუმცა წინა ოთხი რაუნდის შედეგად პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. ახლა კომპრომისის მოძებნის ბოლო შანსი დარჩა.
ცესკოს მიერ გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შედის. აქედან რვა ოპოზიციურია. მიიჩნევს რა არჩევნებს გაყალბებულად, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 13 დეკემბრამდე უნდა შეუდგეს.
მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას და აცხადებენ, რომ ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს.