რამდენმა პირმა მიიღო 300–ლარიანი დახმარება: ბოლო ინფორმაცია

მთავრობის მხრიდან კომპენსაციას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებსაც დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო საქმიანობა შეუჩერდათ.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. მთავრობის 300 ლარიანი დახმარება 14.302 პირმა უკვე მიიღო, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, დახმარებების მისაღებად ელექტრონული განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მაჭავარიანი: 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 14 ათასზე მეტი განაცხადია შემოსული>>

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ერთჯერად კომპენსაციას ის პირები მიიღებენ, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობა.

ვის შეუძლია მიიღოს 300-ლარიანი კომპენსაცია: შემოსავლების სამსახური დეტალებს აქვეყნებს

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამი სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს იმ პირებს ჩაურიცხავს, რომლებიც აღნიშნული თანხის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, სარეგისტრაციო განცხადება გადასახადის გადამხდელის დამქირავებლისა და ობიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან უნდა აიტვირთოს

„რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას ასევე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რა დახმარებას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – დეტალური ინფორმაცია

სააგენტოს ცნობით, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც დაწესებული შეზღუდვების გამო საქმიანობის უფლება შეუჩერდათ.

ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.