თბილისი, 8 დეკემბერი ― Sputnik. ახალი ბაქტერიების გამოვლენა იმ პაციენტთა ორგანიზმში, რომლებიც კორონავირუსზე მკურნალობის დროს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ, არ არის COVID-19-ის ახალი კრიტერიუმი, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რთულია, მაგრამ საკმაოდ რეალური, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ინფექციურ დაავადებათა კათედრის დოცენტი სერგეი ვოზნესენსკი.
მანამდე ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, აღმოჩენილია ახალი ბაქტერიები.
უფრო მეტიც, გამოვლენილი მიკროორგანიზმები უკიდურესად მდგრადია მედიკამენტების მიმართ და ხშირად ექიმებს მკურნალობისთვის საჭირო ანტიბიოტიკები არ გააჩნიათ.
„ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამ არის. კორონავირუსული ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონიით, რომელიც ნებისმიერი სხვა ბაქტერიით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუ პაციენტი მძიმეა, თუ ის რეანიმაციულ ღონისძიებებს საჭიროებს და თუ ის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა, მაშინ იმის გამორიცხვა, რომ მის ორგანიზმში რომელიმე, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერია აღმოჩნდება, არ შეიძლება“, ― განმარტა ვოზნესენსკიმ საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადების პასუხად.
ინფექციონისტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციასთან გამკლავება სერიოზული ანტიბაქტერიული პრეპარატებითაა შესაძლებელი, იმის თქმა, რომ „ეს კორონავირუსული ინფექციის რაღაც ახალი კრიტერიუმია“, არ შეიძლება.
მისი თქმით, თუ პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიერთებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, მაშინ ასეთი ბაქტერიების გაჩენის ალბათობა შედარებით მაღალია. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ბაქტერიები ხელოვნური ვენტილაციის დროს კი არ მოხვდეს პაციენტის ორგანიზმში, არამედ საავადმყოფოში შესვლამდე და პნევმონია კორონავირუსთან ერთობლივად გამოიწვიოს.
„ამიტომ იმის მტკიცება, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე ყოფნისას ადამიანი მედიკამენტებისადმი მდგრად რაღაც ბაქტერიებს იღებს, არ შეიძლება“, ― განმარტა სპეციალისტმა.