საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სატრანზიტო ავტომაგისტრალი, რომელიც საქართველოს და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მათ შორის სატვირთოებისთვის
Sputnik

თბილისი,  8 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მათ შორის სატვირთოებისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 5 დეკემბრიდან ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამჟამად მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა, ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად მიმდინარეობს.