სამეგრელოში 360 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

საქართველოს მთავრობა სისტემატურად ახორციელებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე კატეგორიის ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში 68 ობიექტი იხურება, რომლებიც, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევადია.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით ზუგდიდში საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე ქვეყნდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია აღრიცხული.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.