ამირან გამყრელიძე: პიკის დროს გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები გაჩნდა

გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებულებზე მეტია.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსზე ტესტების დადებითი პასუხების მაჩვენებელი 32%-იდან 28%-მდე შემცირდა, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

ამირან გამყრელიძე კორონავირუსგადატანილ პირებს მიმართავს

ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში 16.646 ტესტი ჩატარდა – 11.400 ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი და 5.246 PCR–ტესტი, მათგან დადებითი 4.673 იყო.

„დადებითი დინამიკა ქვემოთ მოდის, რაც იმის გარკვეული ინდიკატორია, რომ შეიძლება ამ პიკურ პერიოდში სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები უკვე გამოჩნდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების მაჩვენებელს, იგი 83%-ს შეადგენს, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია, დასძინა ეპიდემიოლოგმა.

კორონავირუსთან ბრძოლისა და მედიკოსების დახმარების მიზნით ქვეყანაში 1,7 ათასმა მოხალისე–სტუდენტმა გადამზადება გაიარა. ამ მომენტისთვის 800 სტუდენტი კოვიდ–მართვაში აქტიურადაა ჩართული – ნაწილმა კლინიკებთან კონტრაქტები გააფორმა და მცირე ანაზღაურებასაც იღებენ, თუმცა ძირითადი ნაწილი მოხალისეები არიან.

რაც შეეხება ქვეყანაში ინფიცირებულ მედიკოსებს, ამ დროისთვის მათი რიცხვი 179-ს შეადგენს. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 169.649-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141 ათასს აჭარბებს,  გარდაიცვალა 1.576 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.