აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში დაეხმარება

პროექტი დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ცენტრის შექმნას ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას დაეხმარება, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

სექტორული განვითარების პროგრამა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი პროგრამაა და მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და მომზადების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

  • კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბევრი ადამიანი სამსახურისა და შემოსავლების გარეშე დარჩა, ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა.

ADB-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პროგრამის გავლა მოქალაქეებს დასაქმებაში დაეხმარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის შანსებს გაზრდის.

უმუშევრობა საქართველოში – ახალი სტატისტიკა

COVID-19-ით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის გათვალისწინებით, პროექტი შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომელთაც პანდემიებთან გამკლავებაში განსაკუთრებული როლი აქვთ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება. პროექტი დააფინანსებს ელექტრონულ სწავლებას და გადაამზადებს ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებში დასაქმებულებს, რათა მათ ახალი უნარების შეძენასა და იმ სფეროებში დასაქმებაში დაეხმაროს, სადაც მზარდია მოთხოვნა. 

  • საქართველოში 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა და 11,9%-ს გაუტოლდა

2018 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი კანონი ქვეყანაში პროფესიული განათლებისა და მომზადების გასაძლიერებლად, თუმცა, აღნიშნავენ ADB-ში, ეს მიმართულება საჭიროებს პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას და ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას, რადგან სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სისტემის მიერ მომზადებულ კადრებს შორის შეუსაბამობა შეიმჩნევა.

საქართველოში „პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული“ დაიწყო

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში. აქ მაღალი ხარისხის მომზადება-გადამზადება მოხდება ეკონომიკის შვიდ პრიორიტეტულ დარგში: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

ADB-ის პროგრამა ეხმარება ინსტიტუციურ რეფორმებს, როგორიცაა ახალი რეგულაციური ჩარჩო ზრდასრულთა განათლებისთვის, ჩარიცხვის წესები პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებებში და უფრო სამართლიანი დაფინანსების სქემის შემუშავება ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გასაზრდელად. სხვა განსახორციელებელი რეფორმები გულისხმობს პროფესიული განათლების და მომზადების ბიუჯეტის 23%-ით ზრდას, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასების 30%-ით ზრდას, კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია.