აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა გიორგი გახარიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა - ვიდეო

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი საქართველოში კორონავირუსის მართვის პროცესში დახმარების მიზნით ჩამოვიდა. დავით მრევლიშვილი ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში დღიურად საშუალოდ 1500-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს მართავს
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, დავით მრელაშვილს, რომელიც COVID-19-ის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდასაჭერად  საქართველოში დაბრუნდა და ჩართულია კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

დავით მრელაშვილი ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში დღიურად საშუალოდ 1500-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს მართავს და ამ პროცესში მასთან ერთად ჩართული არიან როგორც ოჯახის ექიმები, ასევე რეზიდენტები და სტუდენტები.

თითოეული პაციენტის ანამნეზი ონლაინ-პლატფორმაზე იტვირთება, რაც ოჯახის ექიმებს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას აძლევს. პაციენტები ონლაინ-რეჟიმში იღებენ პროფესიონალთა კონსულტაციას მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე.

მთავრობის მეთაურმა დავით მრელაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ყველა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც პაციენტების მართვის კომპონენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს კოვიდ-კლინიკები კორონავირუსთან ბრძოლას აძლიერებენ

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ბინაზე მყოფი პაციენტების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ამ ფორმით ხელშეწყობას პრიორიტეტულად მიიჩნევს. მთავრობა ასევე მზად აზრის, ხელი შეუწყოს მსგავსი მიდგომის სხვა რეგიონებში გავრცელებას.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 169.649-ს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 26.655 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.829  პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში - 3.759 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 51.709 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.