შრომის ინსპექცია საქართველოს მასშტაბით ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში საქართველოში შეამოწმეს და გააფრთხილეს 400-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი. შემოწმების შედეგად საქმიანობა 180 ობიექტს შეუჩერდა.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, ბოლო მონაცემებით, შემოწმდა მომსახურების სფეროს 25 121 ობიექტი, დაჯარიმდა – 10, ხოლო საქმიანობა შეუჩერდა 6 152 ობიექტს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით ბოლო 24 საათში შემოწმდა და გაფრთხილება მიეცა 423 ობიექტს.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოავლინა

ფერაძის თქმით, 7 დეკემბერს ჩატარებული შემოწმების შედეგად საქმიანობა 180 ობიექტს შეუჩერდა. ამასთან, გრძელდება მომსახურების სფეროს ობიექტების განმეორებითი შემოწმების პროცესიც. 7 დეკემბერს 192 ობიექტის რემონიტორინგი განხორციელდა და დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ არსებულ მოთხოვნებს.

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ქვეყნის დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.