თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პირველი ქართული 3D–მულტფილმი „მაშველები“ ბეჭდურ ვერსიაშიც გამოვა, იუწყება „პირველი არხი“.
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გამომცემლობა „ზებრას“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის თანახმად „ზებრა“ 10 სხვადასხვა სახის გამოცემაზე იმუშავებს.
გამომცემლობის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე ორი გასაფერადებელი ალბომი და აქტივობების წიგნი დაიბეჭდება. აქტივობების წიგნი გასართობ-შემეცნებითი იქნება, სადაც მოზარდები თავსატეხებს ამოხსნიან და მაშველების საინტერესო დავალებებს შეასრულებენ.
როგორც არხის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, „მაშველებს“ ჯერ კიდევ ეკრანზე გამოსვლამდე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი ქართული 3D ანიმაციური სერიალის შექმნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე პროექტით სხვადასხვა გამომცემლობა დაინტერესდა.
მაყურებელს 16 სერია წარუდგინეს, რომელშიც მულტფილმის გმირებს სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. პატარა მაშველებს – ბუბას, ნიკოს, მიას, ძაღლ ამოს და ბაბუა ამირან ღლონტს – ორი სეზონის მანძილზე ბევრი თავდასავალი ელოდებათ.
სერიალი „პირველი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის იდეის მიხედვით შეიქმნა. პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. როგორც აღინიშნება, ავტორები ბავშვებისთვის ისეთი მულტფილმის შექმნას შეეცადნენ, რომელიც იქნებოდა გასართობიც და ამავდროულად შემეცნებითიც. ქართული ანიმაციური სუპერგმირები ბავშვებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას შეეცდებიან.