ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ქართველმა ნახევარმცველმა ვენის „აუსტრიასთან“ გამართულ მატჩში (4:0) 70-ე და 74-ე წუთებზე დუბლი გააფორმა
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების და ავსტრიის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის X ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, გამოცემა sofascore.com-ის ვერსიით.

საანგარიშო ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „აუსტრიას“ ანგარიშით 4:0 მოუგო, ხოლო კიტეიშვილმა დუბლი გააფორმა. ნახევარმცველმა თავი 70-ე და 74-ე წუთებზე ისახელა.

საქართველოს ნაკრების ორმა ფეხბურთელმა „სან-ხოსე ერთკვეიკსი“ დატოვა

უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სეზონი ავსტრიის „ბუნდესლიგაში“ კიტეიშვილისთვის არც ისე კარგად დაიწყო. ჯერ ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, თითქმის თვენახევარი შეესვენა. ტრავმის გამო კიტეიშვილი ვერ დაეხმარა საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან შეხვედრაში (0:1).

კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონზე ნახევარმცველმა კლუბში ექვსი მატჩი გამართა და საერთო ჯამში სამი გოლი გაიტანა.

ათი ტურის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში „შტურმმა“ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა.