მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის ევროპის 55 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მუნდიალის საგზურს მხოლოდ 13 მოიპოვებს.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში 2022 წელს გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა გაირკვა.

წილისყრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელსაც FIFA-ს ტურნირების დირექტორი, ხაიმე იარსა ხელმძღვანელობდა. მისი ასისტენტები კი ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები, რაფაელ ვან დერ ვაარტი და დანიელე დე როსი იყვნენ.

ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს ნაკრები, რომელიც მე-4 კალათაში იყო, B ჯგუფში მოხვდა. ჩვენს გუნდს ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები შვედეთსა და კოსოვოს პირველად შეხვდება.

მუნდიალზე მოხვედრისთვის იბრძოლებს ევროპის 55 ქვეყანა, რომლებიც 10 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

კენჭისყრის შედეგად შეიქმნა ხუთი 6-გუნდიანი და ხუთი 5-გუნდიანი ჯგუფი. ნაკრებები მეტოქეებთან შინ და სტუმრად ითამაშებენ. ევროპის 55 ქვეყნიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 13 ნაკრები იასპარეზებს.

ჯგუფი "A": პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი.

ჯგუფი "B": ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო.

ჯგუფი "C": იტალია, შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა.

ჯგუფი "D": საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი.

ჯგუფი "E": ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი.

ჯგუფი "F": დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერის კუნძულები, მოლდოვა.

ჯგუფი "G": ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი.

ჯგუფი "H": ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა.

ჯგუფი "I": ინგლისი, პოლონეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან მარინო.

ჯგუფი "J": გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი.

 

შესარჩევი ჯგუფების ყველა მატჩი 2021 წელს გაიმართება: 24-25, 27-28, 30-31 მარტს, 1-2, 4-5, 7-8 სექტემბერს,  8-9, 11-12 ოქტომბერს, 11-13, 14-16 ნოემბერს. პლეი-ოფი 2022 წელს არის დაგეგმილი: ნახევარფინალები გაიმართება 24-25 მარტს, ფინალები - 28-29 მარტს.

მსოფლიო ჩემპიონატი კატარის ხუთ ქალაქში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება და ეს იქნება პირველი მუნდიალი, რომელიც ზამთარში ჩატარდება.