მესამე რაუნდი რთული იქნება – კარლ ჰარცელი „ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების შესახებ

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ერთადერთი შანსია „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის, რომ გამოსავალი მოძებნონ პოლიტიკური კრიზისიდან.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. მოლაპარაკებების პროცესი მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის რთული იქნება, განაცხადა ევროკავშირის ელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.

გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: ოპოზიციამ ხელისუფლებას მოთხოვნები გადასცა>>

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს არ ცნობს, მოითხოვს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე. ვითარების დარეგულირებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებზე მიიწვიეს, თუმცა წინა ორი რაუნდის შედეგად პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. ახლა კომპრომისის მოძებნის ბოლო შანსი დარჩა.

ქართულ ოპოზიციაში განხეთქილებაა: რას იყოფენ პარტიები

ამ დროისათვის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უკვე მიმდინარეობს.

„მოლაპარაკება იქნება რთული. ჩვენ, როგორც ფასილიტატორებმა, მივაღწიეთ იმას, რომ სხვადასხვა მხარეები დავსვით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბევრი კარგი იდეაა შემოთავაზებული. ვფიქრობ, რომ ყველა მხარემ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ვიმედოვნებ, შევძლებთ ფართომასშტაბიან შეთანხმებას... ახლა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა“, – განაცხადა ჰარცელმა მოლაპარაკებების დაწყებამდე.

ცესკოს მიერ გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შედის. აქედან რვა ოპოზიციურია. მიიჩნევს რა არჩევნებს გაყალბებულად, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 13 დეკემბრამდე უნდა შეუდგეს.

მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას და აცხადებენ, რომ ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს.