კოლხეთის სამეფოს უძველესი ციხე-ქალაქის – ნოქალაქევის რეაბილიტაცია გრძელდება: რა გაკეთდა

გასული 4 წლის განმავლობაში ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები გრძელდება, იუწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით მიმდინარეობს.

გასული 4 წლის განმავლობაში ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმოებულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, რაც საიდუმლო გვირაბის, ეიფელის კონსტრუქციის რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, სამეფო აბანოებისა და უნიკალური წყალსაცავის სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.

კომპლექსზე დასრულდა ორმოც მოწამეთა სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობისა და ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა.

ტაძრის სახურავი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამიტით შეიცვალა, რომლის ავთენტური ფორმის განსაზღვრაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.

თანამედროვე კონსტრუქციული ჩანართებით აღდგა კომპლექსის ისტორიული მარანი, რომელიც ახლო მომავლიდან საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცედ ჩამოყალიბდება.

არქიტექტურული კომპლექსი აღიჭურვა საინფორმაციო ბანერებით. ისტორიული კონტექსტის რეკონსტრუქციისთვის ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსდა ანტიკური პერიოდის მეომართა ლითონის ბადისაგან დამზადებული საიმიტაციო ფიგურები და ხის კონსტრუქციის საბრძოლო მანქანები, რომლებიც უკვე იქცა ტურისტულ ატრაქციად.

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სააგენტოს პროგრამული ბიუჯეტიდან ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული.

ამ ტერიტორიაზე უძველეს დროში მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი იყო — კოლხეთის სამეფოს ციხე-გოჯი. ბერძენი ისტორიკოსები მას „არქეოპოლისს" უწოდებდნენ, რაც ძველ ქალაქს ნიშნავს. ქართულ წყაროებში მას ქუჯის ციხე ეწოდებოდა. ციხე-ქალაქი ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ ააგო.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობა 2021 წელს დასრულდება.

ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის საკონსერვაციო -ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „საქართველოს მემკვიდრეობა“ ახორციელებს.