ბოლო ცნობები კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ყველასათვის საყვარელი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სავარაუდოდ, ხვალ ის ინტენსიურ განყოფილებაში გადავა
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესდა.

„რაც შეეხება ბატონ კახის მდგომარეობას, ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ გადავა ინტენსიურ განყოფილებაში“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
„იმედი არის“: კახი კავსაძის ძმა მსახიობის მდგომარეობის შესახებ

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რატიანის თქმით, კლინიკაში 141 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 60 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს მოათავსეს. რატიანის თქმით, კახი კავსაძის მდგომარეობა შეყვანისას კრიტიკული იყო.

85 წლის კახი კავსაძემ იუბილე 5 ივნისს აღნიშნა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“