ქართულ ოპოზიციაში განხეთქილებაა: რას იყოფენ პარტიები

უთანხმოების მიზეზი გახდა რვა ოპოზიციური პარტიიდან შვიდის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ახალ პირობებს ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და რვა ოპოზიციური პარტიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებამდე ოპოზიციის რიგებში უთანხმოება დაიწყო.

გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: ოპოზიციამ ხელისუფლებას მოთხოვნები გადასცა

რვავე ოპოზიციური პარტია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში შევიდა, აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების თაოსნობით ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებებში ამ დრომდე ერთიან პოზიციაზე იდგა და მოითხოვდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

უთანხმოების მიზეზი გახდა რვა ოპოზიციური პარტიიდან შვიდის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ახალ პირობებს ითვალისწინებს. ოპოზიციამ ეს დოკუმენტი ფასილიტატორებს წინა დღეს წარუდგინა და ახლა მმართველი პარტიისგან პასუხს ელოდება. შუამავლების თხოვნით, ოპოზიციის განახლებული მოთხოვნები არ ხმაურდება და მათ შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ძალაში რჩება.

„რაც შეეხება იმ 7 პარტიის პაკეტს, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ („ლელოს“ ლიდერმა)გადმომიგზავნა ეს მასალა. იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“, - წერს ირმა ინაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ მონაწილეობს ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში და განცალკევებით ყოფნას ამჯობინებს. ამასთან, მთავრობასთან მოლაპარაკებების დროს, პარტია ეთანხმება ოპოზიციის ზოგად იდეას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და ბოიკოტს უცხადებს ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას.

საზოგადოებისა და ექსპერტების მოლოდინების მიუხედავად, ოპოზიციაში ირმა ინაშვილის პოზიციას კრიტიკა არ მოჰყოლია და მასთან დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

„სახალხო მერიის“ შემდეგ „სახალხო გენინსპექცია“ - ბათუმში უვადო საპროტესტო აქცია გრძელდება

„ვფიქრობ, რომ გაუგებრობაა და ქალბატონ ირმას შევხვდებით და ყველა დეტალს გავაცნობთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ უფლება აქვს საკუთარი აზრი ჰქონდეს.

„ერთადერთი თხოვნა მაქვს ქალბატონ ირმასთან და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსთან“, თვითონ ნუ შევლენ იმ პარლამენტში და დანარჩენი რაც უნდათ, ის ილაპარაკონ“, - განაცხადა უგულავამ.

განხეთქილება „გირჩში“

სანამ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების საგანს არკვევს, ერთ-ერთ პარტიაში, რომელიც ასევე მონაწილეობს მოლაპარაკებებში, განხეთქილება მოხდა.

ბოლო ორი დღეა არ ცხრება ვნებათაღელვა „გირჩის“ ირგვლივ, სადაც პარტიის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ღია კონფლიქტში შევიდა მის სამ ლიდერთან - იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან.

ჯაფარიძე: „განადგურებით“ დამემუქრნენ

კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ მათ ქონების გაყოფა დაიწყეს და პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზეს კენჭი უყარონ - ვის დარჩება პარტიის სახელი და ქონება.

თუმცაღა მხარეები ირწმუნებიან, რომ შიდაპარტიული კონფლიქტი არ ახდენს გავლენას „გირჩის“ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციური ერთიანობის მხარდაჭერის კუთხით, ბევრ ექსპერტში ამან ეჭვები გამოიწვია, მითუმეტეს კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი არჩევნების შედეგებით პარლამენტში მოხვდა და ახლა გაუგებარია, მოლაპარაკებებზე ვინ ვის წარმოადგენს.

მოლაპარაკებების ახალ რაუნდამდე და ასევე პარლამენტის პირველ სხდომამდე სულ ცოტა რჩება. კანონმდებლობის მიხედვით, ის უკვე მომდევნი კვირაში გაიმართება.