ჭავჭავაძის გამზირზე ქალს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერია - Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, იუწყება ტელეარხი Formula TV.

ტელეარხის მონაცემებით, ქალი წითელზე გადადიოდა და მას ავტომობილი დაეჯახა ბასლაინზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა მხოლოდ სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ავტომობილები მოძრაობს.

ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავარიებში 337 ადამიანი დაიღუპა

ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, ინციდენტის გამოძიებაში პროკურატურა ჩაერთო.

„ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რომელთა შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ქვეითთან შეჯახება - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა საქართველოში. 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში 802 ასეთი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 77 ადამიანი, დაშავდა გაცილებით მეტი - 776.

სულ ამ პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ათასზე მეტი ადამიანი კი  დაშავდა.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამე ადგილზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.