ხუსკივაძე–კობალაძის მიმოწერა: პროკურატურა ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს

გამოძიების მტკიცებით, გავრცელებული მიმოწერა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება დაასრულა და ახალი მტკიცებულებები გაასაჯაროვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სიკვდილამდე მიიყვანეს. 

შსს: თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარმა გამოძიებამ მის სიკვდილში მისივე მეგობრების – აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის არაპირდაპირი ბრალეულობა დაადგინა. გამოძიების ვერსიით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ბრალდებულებმა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით გობეჯიშვილს 50 ათასი დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი თანამდებობის დემონსტრატიულად დატოვება და გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადების გაკეთება მოსთხოვეს. როდესაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

„დასრულდა ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ასევე გაავრცელა გობეჯიშვილთან კობალაძისა და ხუსკივაძის მიმოწერა, რაც, გამოძიების მტკიცებით, მათ ბრალეულობას ადასტურებს.

გავრცელებული მიმოწერის სქრინის მიხედვით, კობალაძე გობეჯიშვილს უხსნის, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ის იმათ სიაში შეიყვანა, ვის დაკავებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გეგმავდნენ.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიებას ასევე აქვს კობალაძისა და ხუსკივაძის ბრალეულობის სხვა მტკიცებულებებიც, რასაც უწყება სასამართლოს წარუდგენს.

ამჟამად თავად კობალაძეს და ხუსკივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.