როდის ხდება სიმპტომიანი და უსიმპტომო პაციენტი უსაფრთხო საზოგადოებისთვის

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 13.779 პირი მკურნალობის კურსს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სახლის პირობებშ გადის
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. უსიმპტომო პაციენტი 10 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის და ინფექციის გავრცელების კუთხით საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში. 

თუ ტესტირების საშუალება არ გაქვთ: ცერცვაძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

რაც შეეხება საშუალო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, ვირუსის დადასტურებიდან 13 დღის შემდეგ ისინი უსაფრთხო არიან.

„ადრე  კლინიკიდან ან კოვიდ–სასტუმროდან პაციენტის გაწერის კრიტერიუმი იყო განმეორებითი PCR–ტესტი, თუმცა, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ აგრესიული ფორმა მიიღო, განმეორებითი ტესტის გაკეთების საშუალება ფიზიკურად აღარ არსებობს. ამიტომაც დადგინდა კონკრეტული დღეების ის მონაკვეთი, რომლის შემდეგაც პაციენტი გადამდები არ არის, თუ არ ჩავთვლით რაღაც იშვიათ გამონაკლისს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 24.349 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 6.671პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 3.899 პირი, 13.779 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 152.704 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 126.904, გარდაცვლილია 1.425 პაციენტი.