კოვიდინფიცირებულ ტაქსის მძღოლს თბილისში მგზავრები გადაჰყავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ტაქსის კოვიდინფიცირებული მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოავლინა

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე  მოქალაქე პოლიციამ იმ დროს დააჯარიმა, როდესაც ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 54 და 60 წლის მამაკაცები კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

„ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით  დაჯარიმდნენ, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევას გულისხმობს და ფიზიკური პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.