საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ სამი ტელეკომპანია დააჯარიმა

ერთი ტელეკომპანია რეკლამის არასათანადო დროს განთავსების გამო, ხოლო ორი – ფილმების შეუსაბამო დროს ჩვენების გამო დაჯარიმდა.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო „მთავარი არხი“, GDS TV და „რუსთავი 2“ დააჯარიმა.

კომისიის განცხადების თანახმად, ოპოზიციური ტელეარხი „მთავარი არხი“ პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების განმეორებით დარღვევის გამო დაახლოებით 58 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ქართული ტელეარხების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა

კომისიის მონაცემებით, მან რეკლამა განათავსა 6 და 7 ნოემბერს, მაშინ, როდესაც ტელეკომპანიას ამის უფლება მხოლოდ 16 ნოემბრიდან ჰქონდა.

ჯარიმის ოდენობა ტელეარხის წლიური შემოსავლის 1%-ს უტოლდება.

რაც შეეხება GDS TV-ს და „რუსთავი 2“-ს, ისინი, თითოეული 2,5 ათასი ლარით დაჯარიმდა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების შეუსაბამო დროს განთავსების გამო, რითიც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი. ორივე ტელეარხმა სერიალები და ფილმები ეთერიდან უნდა მოხსნას.